საქართველოს წინააღმდეგ დიდ შეტევას და თავდასხმას ვხედავთ. რა თქმა უნდა, იმ ნარატივზე არიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ დიდ ესკალაციაში აუცილებლად ჩაგვითრიონ. ჰერჩინსკის ბოლო განცხადებები ნახეთ და იქიდანაც ყველაფერი ჩანს. არ არის აუცილებელი, სიტყვა ომი ეხსენებინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განუცხადა.
როგორც შარმანაშვილმა განაცხადა, ყველაფერი, რაც პაველ ჰერჩინსკიმ ჩამოთვალა, როგორც საქართველოს გასაკეთებელი, პირდაპირ ომისკენ მიმავალი გზაა.
„ყველაფერი ის, რაც მან ჩამოთვალა, საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა, პირდაპირ ომისკენ მიმავალი გზაა. ამ ქვეყანაში სულელი არავინაა, რომ ვერ მიხვდეს, რაზე საუბრობს. ამ ყველაფერს ჩვენი ხელით გააკეთებენ, თუ საქართველოში ისეთ სიტუაციას შექმნიან, ეს რომ სხვებმა გააკეთონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ ჩვენი ხელით საქართველოს წინააღმდეგ ვერაფერს გაგვაკეთებინებენ. რადიკალები რომელ მედიებშიც დადიან, პირდაპირ პარტიული ბოსების მიერ ფინანსდება და ეს არც იმალება – ზოგი ძებნილია, ზოგი ქვეყნიდან გასულია. ყველამ იცის, რომელია „ნაცმოძრაობის“ ტელევიზია, რომელი „ლელოსი“ და ვის ვინ აფინანსებს. ჩვენ იგივე სტანდარტები არ გაგვივრცელებია, რომ ვინაიდან, მათ ვიღაც აფინანსებთ, მედიად არ მივიჩნევთ და შესაბამისად, უნდა მოვიქცეთ. სწორ გზად ეს მიაჩნიათ? – დიდ ბრიტანეთს სწორად ის მიაჩნია, რომ ნებისმიერი სიტყვა, რომელიც მართალია და მათი მხილება იქნება, თუ რა პოლიტიკას ადგანან, ჩახშობილი უნდა იყოს. როცა ამას ჩაახშობენ, მიაჩნიათ, რომ უფრო ადვილად განახორციელებენ საქართველოში დესტრუქციულ ქმედებებს და გადატრიალებას“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
