პარტიის „თავისუფლების მოედანი” თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დებატებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, მონაწილეობას არ მიიღებს.
ოპოზიციონერი დებატებში არმონაწილეობის მიზეზსაც განმარტავს.
„წინა დებატებმა, რომელიც პირწმინდად წააგეთ, აჩვენა, რომ ყველაფერს აკეთებთ მეორე მხარისთვის არათანაბარი პირობების შესაქმნელად: დროის განაწილების, გამხსნელი და შემაჯამებელი სიტყვის მიტაცებით და სხვა მანიპულაციებით; რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ მაინც მოვედით, თქვენსავე მოედანზე, თქვენივე წესებით გეთამაშეთ და ერთხელ უკვე დაგამარცხეთ: გამოვავლინეთ თქვენი არაკომპეტენტურობა და დემაგოგია, რომელიც უძლურია განათლებული და მცოდნე ხალხის წინააღმდეგ. მეორედ ამისათვის დროის დახარჯვა აღარ გვინდა, რადგან ძალიან ბევრი საქმე გვაქვს – უახლოეს დღეებში ამ საქმეებითაც “გაგახარებთ” და არ მინდა მათთვის მზადებას მოვცდე;
მესამე და მთავარი: ირაკლი კობახიძეს ვეპატიჟები პირისპირ დებატებზე, არასანქცირებულ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში, დროის თანაბარი განაწილებით და ნეიტრალური წამყვანით. ვისაუბროთ მთავარზე: იმაზე, თუ როგორ შექმენით პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, როგორ ჩააგდეთ ქვეყანა იზოლაციაში მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ძლიერ ალიანსებში ყოფნა, რატომ გააღარიბეთ ხალხი, რატომ გვაქვს მასიური ემიგრაცია, რატომ ატყუებთ საკუთარ მომხრეებს ათასგვარი ისეთი სისულელით, როგორიც არის “გლობალური ომის პარტია,” “დიფ სთეითი” და სხვა, რათა მათ ხარჯზე გამდიდრება განაგრძოთ“, – წერს ცუცქირიძე.
