ჩვენ არ დავემორჩილებით პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
ორბანის თქმით, მან მოუწოდა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, აღასრულოს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმება, რომელიც უკრაინას ავალდებულებს, დაუშვას ნავთობის გადაზიდვა უნგრეთში.
„მოგმართავთ „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად უკრაინის მიერ არის დაბლოკილი.
როგორც ახლახან გამოქვეყნებული თანამგზავრის მტკიცებულებები ადასტურებს, არ არსებობს არავითარი ტექნიკური ან ოპერაციული მიზეზი, რომელიც ხელს შეუშლიდა მილსადენის მუშაობის დაუყოვნებლივ აღდგენას ჩვეულ რეჟიმში. უკრაინის მხრიდან „დრუჟბას“ მილსადენის გახსნის სურვილის არქონა განპირობებულია წმინდა პოლიტიკური მიზეზებით, რაც მიზნად ისახავს უნგრეთის მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ჩარევას.
გასულ კვირას, სლოვაკეთთან ერთად, ჩვენ ვცადეთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური არხებით. სხვა ინიციატივებთან ერთად, ჩვენ შევთავაზეთ ფაქტების დამდგენი მისია უნგრელი და სლოვაკი ექსპერტების მონაწილეობით, რათა შეეფასებინათ მილსადენის მდგომარეობა უკრაინაში. ყველა ჩვენი მცდელობა უარყოფილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ქმედებები არღვევს მის სამართლებრივ ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლებრივი საშუალებები მოკლევადიან პერიოდში გამოიღებს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი ენერგომომარაგების აღსადგენად.
ამიტომ, მოვუწოდებ ევროკომისიას, მხარი დაუჭიროს უნგრეთს უკრაინის მიერ გამოყენებული ენერგეტიკული იარაღის ნეიტრალიზებაში. მოველი, რომ ევროკომისია გააძლიერებს პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე, რათა მან ძირი არ გამოუთხაროს უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე მოველი, რომ ევროკომისია უზრუნველყოფს ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმების შესაბამისი დებულებების აღსრულებას.
ჩვენ ვერ შევეგუებით უცხოურ ჩარევას ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და ყველა ასეთ მცდელობას უკუვაგდებთ. ამ სულისკვეთებით, მსურს გაცნობოთ, რომ სანამ უკრაინა ნორმალურ მდგომარეობას არ დაუბრუნდება, მე არ მაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭირო ევროკავშირში ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სასარგებლოა“, – ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.
