საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
ეკა სეფაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.
დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.
„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-თან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის. აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
