ომანიდან თბილისის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული პირველი სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს დაიგეგმა საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც შეექმნათ სამშობლოში დაბრუნების შეფერხება.
„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
ჩვენს თანამემამულეებს ვუსურვებთ მშვიდობიან ფრენას და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას“, – აღნიშნულია საგარეოს ინფორმაციაში.
