საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისათვის მადლობა გადაუხადა და რეგიონის გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოხარულნი ვართ, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე. ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა, გავუსვათ ხაზი ჩვენს მზაობას, ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ კუთხით საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გამორჩეული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ნამდვილად სამაგალითოა და ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისათვის. მინდა, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადავუხადო გამორჩეული პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გაღრმავებისათვის,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ქართველ კოლეგას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი ეკონომიკურ კავშირებს საქართველოს დახმარებითა და ხელშეწყობით აყალიბებენ.
„საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად, მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს. მინდა, ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებული იქნება. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რომელზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.




















