შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა. ვიზიტის მიზანს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის – „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება წარმოადგენდა.
სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში, ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით. ამავე კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას ასახავს და ამგვარად, საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე, ადგილზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის კუთხით განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა კრისტიან ურსემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
