საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების შეჯამებისა და სამომავლო გეგმების განსაზღვრისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაჯამებლად გასული წლის განმავლობაში, თუ როგორი დინამიკა გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში და რა გეგმები გვაქვს მომავალში. მეორე მხრივ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით.
„ნამდვილად დღეს ვერავინ უარყოფს იმ როლს, რომელსაც სამხრეთ კავკასია და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თამაშობენ ჩვენს კონტინენტზე, გლობალურად და ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, თუ როგორ იზრდება ამ რეგიონის პოტენციალი. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის არის ძალიან მეგობრული, კარგი ურთიერთობა, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის არის ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა და კარგი, მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობები,“ – აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.
