ევროპარლამენტის ფრაქცია „პატრიოტები ევროპისთვის“ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით გაჟღერებულ მუქარას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ფრაქცია გმობს ზელენსკის საქციელს და აღნიშნავს, რომ მისი ეს სიტყვები დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
“უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის მისამართით ნათქვამი სიტყვები მიუღებელია. მუქარა და ძალადობა დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროკავშირმა უკრაინას 200 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია, უკრაინა კი დამატებით 90 მილიარდი ევროს რაოდენობის სესხს ითხოვს. პოლიტიკური განხილვისას ფიზიკური ძალადობით მუქარა მიუღებელია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია ნავთობსადენი „დრუჟბა“, რომლის მეშვეობით რუსეთიდან უკრაინის გავლით უნგრეთსა და სლოვაკეთს ნავთობი მიეწოდება.
„პატრიოტები ევროპისთვის“ აღნიშნავენ, რომ ნავთობსადენის არსებობა საჭიროა, რადგან სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ნავთობსადენის მუშაობა დღესდღეობით შეჩერებულია, ხოლო ექსპერტებს საშუალება არ აქვთ ის მოინახულონ და შეაფასონ.
ცნობისთვის, გუშინ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.
