საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი პირების დაზიანებულია, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო საკუთარი ინტერესების დაცვით მოქმედებს, ამერიკასაც აქვს თავისი ინტერესები და სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად ეს ინტერესები უნდა იყოს დაახლოებული.
„აშშ-ის წინა ორმა ელჩმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ურთიერთობა როგორმე მინიმუმამდე ყოფილიყო დასული. ნიშანდობლივია, რომ გლობალური ომის პარტიაზე საუბარი ჩვენ დავიწყეთ, ვიდრე დონალდ ტრამპის განცხადებებს მოვისმენდით. ვამბობდით, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოში რევოლუციური პროცესების მართვას ცდილობდნენ და მათ დაფინანსება გაუჩერდათ, რადგან რევოლუციების ხელშემწყობები არიან. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ყველა თავისი ინტერესის გატარებას ცდილობს. იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამერიკას თავისი ინტერესები არ ექნება. რა თქმა უნდა, ინტერესები დაახლოებული უნდა იყოს. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდეს და არა ის ფურცელზე გაწერილი პოსტულატი, რომლის უკანაც, სამწუხაროდ, შინაარსი არ იყო“, – განაცხადა გორდულაძემ.
