არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას.
„არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს – ზოგადად მსგავსი ფაქტი. დღეს, როდესაც მთელი რეგიონი, მეზობლები, თითქმის ყველა არის ცეცხლის ალში გახვეული და შენ გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, ტერორისტული სკოლაა და რაღაც მსგავსი სწავლება ამ სკოლაში, ანუ რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს?! – რას ეუბნები, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!“ – განაცხადა ჭეიშვილმა.
როგორც ცნობილია, ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ერთობლივი კვლევა, სათაურით „საქართველოს ირანული შეტრიალება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს ამერიკის ძლიერ მოკავშირე ქვეყანაში“, ჰადსონის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა, კვლევაში ავტორები ცდილობენ ამტკიცონ, რომ საქართველოში ირანის გავლენები გაიზარდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ იმ სტრატეგიულ ობიექტებზე ისაუბრა, რომლებიც შესაძლოა ირანის სამიზნე გახდეს და მიუთითა, რას იზამდა თავად ირანის ხელისუფლების ადგილზე.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ – სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა, ე.წ. უნივერსიტეტი ფუნქციონირებს.
