ნინო ლომჯარიას ფრთიანი გამოთქმა, რომ ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავზე, ვიდრე შერცხვენილები ვიყოთ და არ ვიყოთ ომში ჩართულები, რასაკვირველია დღის წესრიგში დგას და კონკრეტულ ამოცანას ემსახურება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საელჩოში ნინო ლომჯარიასა და ელჩის ფარულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საუბარი მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაა, არამედ განიხილება ის, თუ როგორ შეიძლება დაზიანდეს სრულიად საქართველო.
„ეს არ არის მხოლოდ გამოთქმა, ეს არის გეგმა, რომელსაც მიყვება ნინო ლომჯარია და ის გუნდი, რომელსაც ჩვენ ექსტრემისტებს, უსამშობლოებს ვუწოდებთ. საუბარი არ არის მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ზოგადად ფართო სპექტრი განიხილება იმაზე, რა რესურსით შეიძლება საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად საქართველო დაზიანდეს. როგორ შეიძლება ქვეყანაში ისეთი თანხები შემოვიდეს, რომელიც ექსტრემისტების აქტივობების განვითარებას მოხმარდება, როგორ განვითარდეს რევოლუციის სცენარი, როგორ მოვიდეს ხელისუფლებაში მარიონეტული ხელისუფლება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის ფაქტი, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გერმანიის საელჩოში გამართულ ფარულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილებოდა. საელჩო და ლომჯარია „ქრონიკის“ კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
