მარტა კოსი იმ ბიუროკრატიას წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისგან და ინტერესების მქონე ძალის მიერ არის მართული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის ქალბატონია, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ ისინი გზებს ეძებენ, რათა ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შემოიტანონ ქვეყანაში შავი ფული, რომელიც შემდეგ რაშიც ხმარდება ძალიან კარგად ვიცით.
„ეს ფული ხშირად ხმარდება სიძულვილის კამპანიების დაფინანსებას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზების მცდელობას, ე.წ. მოლოტოვების დასამზადებლად მასალის ყიდვას და პიროტექნიკის შესყიდვას, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენონ სახელმწიფო ქონების, კერძო საკუთრების დასაზიანებლად და გასანადგურებლად და ჩვენს გმირ პოლიციელებზე თავდასასხმელად. მარტა კოსი როდესაც განცხადებას აკეთებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. მისი მიზანია, ჩვენი ქვეყნის მთავარი ღირებულების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და მხოლოდ კონკრეტული ძალების მართული, მარიონეტული რეჟიმის ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რასაც ეტყვიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს“.
