სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირების ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს“.
„რაც შეეხება მეორე საკითხს, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, ამას ეყრდნობა, მათ შორის ის დასკვნები, რაც მოგახსენეთ, სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან დაკავშირებით. ეს არის, რა თქმა უნდა, სამარცხვინო, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და როდესაც მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა, არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ მის ოფისში აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“, მაშხალები და სხვა საშუალებები ძალადობის. მან აღიარა, რომ კი, ის ყიდულობს მაშხალებს. ის არიგებს ამ მაშხალებს, რომლითაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, წვავდნენ პოლიციელებს და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს. ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ამ ყველაფრის უკან ის რომ იდგა, ის რომ ყიდულობდა, ეს მას აღიარებული აქვს. ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს“, – აღნიშნა მან.
