თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ორი მოწმე – საქმის მთავარი გამომძიებელი ალეკო არაბული და რევიზორი გიორგი კვაჭაძე.
გამომძიებელმა ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრომ არათუ არაკონკურენტუნარიანი, არამედ მიკერძოებული გარემო შექმნა და გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა შესყიდვებში, ვიდრე უნდა გადაეხადა.
ამასთან, პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება დღეს შეიტანეს.
„დარეგისტრირებული არის მისი განცხადება. სხვა ბრალდებულებს მსგავსი შინაარსის მოთხოვნით ჯერ არ მოუმართავთ“, – განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული ცხრიდან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. რაც შეეხებათ ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. მათ მიმართ წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ ღუდუშაური 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
