ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვიზიტები აშშ-დან დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტები თბილისში. მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან დეტალურად შეისწავლა თუ რას აკეთებდა საქართველო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ყულევის პორტის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახერხებენ სანქციების რეჟიმის დაცვას, აკეთებს კეთილსინდისიერად თავის საქმეს, ძალიან რთული იყო, რომ ყულევის პორტი იქცა ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად.
ბოჭორიშვილმა ასევ ისაუბრა გერმანიის ელჩის მიერ ყულევის პორტზე გაკეთებულ კომენტარზე.
„საინტერესო იყო თავად დრო, როდესაც მსგავსი განცხადებები გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში. მაშინ, როდესაც მიდიოდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პორტი ამოეღოთ სანქციათა პაკეტიდან და ჩვენ უკვე ინდიკაციაც კი გვქონდა, რომ ეს ასე იქნებოდა“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელიც დაკავშირებული იყო ყულევის პორტისთვის უსამართლო სანქციათა პაკეტის არიდებასთან დაკავშირებით.
„იყო სირთულეები იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებულად მომხდარიყო ყულევის პორტის სანქციების პაკეტში უსამართლოდ მოხვედრის თავიდან აცილება. რაც მოვახერხეთ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უსამართლობა ბევრი ვნახეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ იქნებოდა ერთადერთი უსამართლობა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება სანქციების პაკეტს, როდესაც საქმე ეხება ქართულ პორტს, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ უნდა მოხვედრილიყო ამ სიაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის“, – განამარტა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა დევიდ ო’სალივანის წერილზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„როგორც წესი, ევროკავშირის მხრიდან მუდმივად არის აღიარება და დადასტურება იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველო გასცემს და ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ რამე ვერ შევასრულეთ, ან რამე ისე არ გავაკეთეთ, როგორც დავპირდით ევროპულ მხარეს. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, რაც ხდება იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი და ინტერესები დააზიანონ“, – დასძინა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციის მედიაზე და მათ მიერ გავრცელებულ ნარატივზეც გააკეთა განმარტება.
„როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, როგორი კოორდინირებულია ეს და როგორ მონაწილეობენ ამ საქართველოს წინააღმდეგ ინტერესში გარკვეული აქტორები. მათ შორის შეიძლება გარკვეული თანამდებობის პირებიც. საქართველოს შემთხვევაში, როგორც ოპოზიციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად ტირაჟირებენ ტყუილს და ისეთ ინფორმაციას, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
