სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს.
სიონის ტაძარში პატრიარქს ხელისუფლების წარმომადგენლები, მღვდელმთავრები და პირადი დაცვის წევრები დაემშვიდობნენ.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონია დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში წირვა 09:00 საათზე დაიწყო. სამების ტაძარში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი ბართლომეოს პირველი, რომელმაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება.
მსახურების შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ. სამების ტაძარში იმყოფებოდნენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსიდან და დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნიდან.
