ხე ნაყოფით იცნობა და ეს იყო ნაყოფი ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის. სამძიმარზე მისული ადამიანებიდან ზოგიერთი მრევლი კი არა შეიძლება ქრისტიანი და მართლმადიდებელიც კი არ იყო და მათაც განიცადეს უწმინდესის გარდაცვალება. მე მყავს ახლობლები, რომლებიც სხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან და მეც მისამძიმრებდნენ, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საბურთალოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.
მისივე თქმით, მუსლიმთა დღესასწაულზე ღონისძიებების გაუქმება გამოხატავს იმას, რომ ამ ადამიანებისთვისაც ძალიან ძვირფასი იყო პატრიარქი. ეს შემთხვევით არ ყოფილა, ეს დაიმსახურა უწმინდესმა და ის, სიყვარული, რაც დათესა, უხვად მიიღო ყველასგან.
„ღმერთმა აღამაღლა უწმინდესი თავისი ერისგან და საპატრიარქო პატივში დაადგინა. ამის შემდგომ იწყება თაობათა შემობრუნება, რადგან კარგად ვიცით ყველამ, რა მემკვიდრეობა ერგო თავად უწმინდესს. მისი აღსაყდრების შემდგომ პირველი ხდება ის, რომ ახალგაზრდობა იწყებს მის გარშემო გაერთიანებას. ეს იყო საუკეთესო წარმომადგენლობა იმ თაობის, რომელიც პოულობდა მასში ნუგეშს, შვებას და სიყვარულს. იმ პერიოდის სასულიერო პირებიც ამბობენ ხოლმე, რომ როდესაც ჩვენს უწმინდესს ერთხელ ვნახავდით, სულ გვინდოდა, რომ მასთან ვყოფილიყავით და ვეღარ ვშორდებოდითო.
უამრავმა თაობამ გამოიარა უწმინდესის ხელში და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ მასში ეს ადამიანები ხედავდნენ უპირველესად მამას და იმ სიყვარულს განიცდიდნენ, რაც ნამდვილი მამისგან უნდა განეცადათ“, – აღნიშნა მღვდელმსახურმა დავით ფოლადაშვილმა.
