„ბაზისბანკმა“, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99% -ის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „ბაზისბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ბაზარზე.
„ბაზისბანკის“ ინფორმაციით, ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები აქვთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.
„აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა, ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით. ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ.
ამასთან, როგორც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ბექა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, „ეს ტრანზაქცია ახალ შესაძლებლობებს შექმნის ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის“.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს“, – განაცხადა ბექა გოგიჩაიშვილმა.
„ბაზისბანკის“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი, დავით ცაავა ასევე „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას.
„ბაზისბანკის“ მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ „ბაზისბანკში“, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები – „ლიბერთი ბანკში“. მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია „ბაზისბანკის“ ინფორმაციაში.
