„თუ სანქციებს ჩემთან შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა, ეს არის „იმედი“. ბანკი საერთოდ არ იყო ამაში გარეული“, – ასე პასუხობს ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე მედიის კითხვას, „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა უკავშირდებოდა თუ არა სანქციების საკითხს.
რუხაძე აღნიშნავს, რომ მისი სანქცირება რომ მომხდარიყო, ბანკი სტრუქტურულად ისე იყო მოწყობილი, რომ სანქციები „ლიბერთის“ არ შეეხებოდა.
„თუ სანქციებს ჩემთან შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა, ეს არის „იმედი“. ბანკი საერთოდ არ იყო ამაში გარეული. ჯერ ერთი, მე რომ დავსანქცირდე, ამ ბანკს არაფერი არ მოუვა. სტრუქტურირებულად ისე იყო მოწყობილი, რომ ჩემი სანქცირება ამ ბანკს არ შეეხებოდა. წელიწად-ნახევარია ვლაპარაკობ, რომ გამოვედით გარიგებიდან [იგულისხმება „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები], რადგან არსად არ გვეჩქარებოდა.
„საქართველოში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას – სანქციების არ გვეშინია“
მეტიც, გავაკეთეთ ინვესტიციები საქართველოში, ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს. ამ ფულს არ დავმალავთ სეიფში, ავიღებთ გავაკეთებთ საინტერესო პროექტებს ამ ქვეყანაში. შესაძლოა, ფინანსური სერვისის სფეროში, მაგრამ არამარტო იქ. საქართველოში ბევრი საინტერესო პროექტი ვერ ხორციელდება, ჩვენ გვინდა რომ რამდენიმე ამ პროექტს მოვეჭიდოთ თუ გამოგვივა. ჩვენ საქართველოში ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას და ეს პასუხია იმის, რომ სანქციების არ გვეშინია“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
შეგახსენებთ, ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99%-ის მფლობელი გახდა.
