პაკისტანში ვიზიტის შემდეგ ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ომანში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ესმაილ ბაღეიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომანის დედაქალაქ მასკატში არაღჩი მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.
ესმაილ ბაღეის განცხადებით, ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობებს, ასევე ერთგული რჩება ორმხრივი ნდობის გაძლიერებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის მიმართ.
მისივე თქმით, ომან-ირანის ურთიერთობა არის თეირანის გულწრფელი მცდელობის დასტური, დაამყაროს მეზობლებთან პატივისცემაზე დაფუძნებული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები.
ამასთან, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ომანში ვიზიტის შემდეგ ისევ პაკისტანში დაბრუნდება, შემდეგ კი რუსეთში გაემგზავრება.
