რუსეთმა 7 ოქტომბრის ღამეს კიევზე მასირებული სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, რასაც, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 74-ე დაბადების დღეს დაემთხვა.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაღუპულები დედაქალაქის დარნიცის რაიონში არიან.
კიევში პირველი აფეთქებების ხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:15 საათზე გაისმა. უკრაინის საჰაერო ძალებს მანამდე გავრცელებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთის რამდენიმე Tu-95 ტიპის ბომბდამშენი უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
„რაკეტები ერთმანეთის მიყოლებით ეცემა. რაც დავითვალე, სულ მცირე 10-12 აფეთქება იყო. ქალაქის ცენტრში საკმაოდ ხმაურია“, – განაცხადა Kyiv Independent-ის ჟურნალისტმა ტიმ ზადოროჟნიმ.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ობოლონის რაიონში დარტყმა „არასაცხოვრებელ ტერიტორიაზე“ დაფიქსირდა. პოდოლსკის რაიონში კი საწყობები დაზიანდა.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საჰაერო განგაშის სიგნალებს სერიოზულად მოეკიდონ. მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ რუსეთი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდა.
„გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავს. გთხოვთ, რეაგირება მოახდინოთ სარაკეტო საფრთხის შესახებ სიგნალებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
