რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციაში გერმანიის ელჩი ალექსანდერ გრაფ ლამბსდორფი დაიბარა.
სამინისტროს განცხადებით, ელჩის დაბარების მიზეზი უკრაინაში ბუნდესტაგის წევრის, მმართველი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის წევრის რ. კიზევეტერსა და საერთაშორისო ძებნილთა სიაში მყოფი „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ახმედ ზაკაევის შეხევდრა გახდა.
„მოსკოვი გერმანელი პარლამენტის წევრისა და ცნობილი კრიმინალების ამ შეხვედრას გერმანიის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევისა და მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შექმნის განზრახვის უტყუარ დასტურად მიიჩნევს. რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერ მტრულ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“ და მისი სტრუქტურები ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიტანა.
„ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკა“ 1991 წელს ჩეჩნეთში დაარსდა. 2007 წლის ნოემბრიდან მას ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს, რომელიც, რუსული მედიის მტკიცებით, საერთაშორისო ძებნილთა სიაშია.
