უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს, რათა საპროტესტო ნოტა გადასცენ იმ გემთან დაკავშირებით, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინასა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს აქვს პოტენციალი, რომ ორივე ქვეყანას სარგებელი მოუტანოს.
„უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი აქვს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ არ უნდა დააზიანოს ისინი“, – წერს სიბიგა.
სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რთულად გასაგებია ისრაელის არასაკმარისი რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, მათ შორის იმ გემზე, რომელმაც ადრე მოპარული ტვირთი ჰაიფაში ჩაიტანა.
„ახლა, როდესაც კიდევ ერთი ასეთი გემი ჰაიფაში ჩავიდა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ისრაელს, რომ არ მიიღოს მოპარული მარცვლეული და არ დააზიანოს ჩვენი ურთიერთობები“, – წერს სიბიგა.
