ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მას შემდეგ, რაც კიევს სწრაფ და სრულუფლებიან გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, უკრაინისთვის მოკლევადიან შეღავათებს ამზადებენ, რათა ის ბლოკს დაუახლოვდეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემას ოთხმა ანონიმურმა დიპლომატმა განუცხადა, ევროკავშირი უკრაინას ბაზრებზე უფრო მეტი წვდომისა და ევროკავშირის პროგრამებსა და ინსტიტუტებში ღრმა მონაწილეობის უფლებას მისცემს.
„უკრაინის პრიორიტეტად ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება რჩება“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა ევროკავშირში, ვსევოლოდ ჩენცოვმა. „ჩვენ აგრეთვე ველით სწრაფ, ხელშესახებ ნაბიჯებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ინტეგრაცია უკვე დღეს“.
POLITICO-ს ინფორმაციით, წინადადებები შემუშავდა მარტის თვეში გამართული ერთ-ერთი ვახშმის დროს, როცა ევროკავშირის დედაქალაქებმა ევროპული კომისიის წინადადება „რევერსული გაფართოების“ შესახებ უარყვეს. „რევერსული გაფართოება“ ნიშნავდა იმას, რომ უკრაინა ჯერ ევროკავშირის წევრი გახდებოდა, ხოლო შემდეგ განახორციელებდა რეფორმებს.
„ვახშმის შემდეგ… წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად მიანიშნეს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გაწევრიანება ძალიან რთული იქნება“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ დიპლომატს. „თუმცა, მანამდე უნდა წარვადგინოთ პოზიტიური წინადადება იმის თაობაზე, თუ როგორ ვიმოძრაოთ წინ“.
