საქართველო წელს ჩინეთში, შანხაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ITB China პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
ITB China-ს დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უძღვებოდა.
30-მდე ქართული კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი ITB China-ზე საორგანიზაციო საკითხებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ეროვნული სტენდის დიზაინს, კონცეფციასა და გალა ვახშმის დეტალებს გაეცნო.
ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ანსამბლი „რუსთავი“ დამსწრე საზოგადოებისთვის კულტურულ ღონისძიებას გამართავს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
