ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა და დღეიდან რეკლამა 46 ლოკაციაზე ხელმისაწვდომი, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ადმინისტრაციამ დაიწყო მარკეტინგული კამპანია, რომლის მიხედვითაც ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიან.
„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისისმიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარზე განხორციელებულმა ერთობლივმა მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი უკვე გამოიღო. წლის განმავლობაში დაგეგმილი კამპანიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მასშტაბური გარე რეკლამაა.
„2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა. აღნიშნული კამპანია არ არის ერთადერთი, რასაც წლის განმავლობაში ბრიტანეთის ბაზარზე ვგეგმავთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ გარე რეკლამა ძალიან შთამბეჭდავი იქნება“, – განაცხადა ომიაძემ.
კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.
