რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რომ არაფრად მიაჩნიათ? რა უნდა გაგიკვირდეს იმ ქვეყნის ხელისუფლებისა და ოფიციალური პირებისგან, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის პირობებში მოძალადეს რომ დაუჭერს მხარს? – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მოლდოვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აკრედიტაცია არ მისცა.
„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, მოლდოველი ხალხი საქართველოს ისტორიული მეგობარია, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას სურს ამ პატარა ქვეყნის სუვერენიტეტის გაუქმება, რათა ამით უფრო ადვილად შეაღწიოს ევროკავშირში. მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მოლდოვასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება.
საპასუხო ზომების მიღებაზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ანალოგიური მოცემულობის შემთხვევაში თბილისიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა „საქართველოში თავისუფალ სიტყვას არ ზღუდავენ“.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.
