პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, ხუთშაბათს პირველი ერთნაირსქესიანი ქორწინება დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება სასამართლოს იმ განჩინებების აღსრულებას წარმოადგენს, რომლებიც ქვეყანას ავალდებულებს, აღიაროს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ერთნაირსქესიანი ქორწინებები.
ნოემბერში, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ პოლონეთს დაავალა იმ ერთნაირსქესიანი ქორწინებების რეგისტრაცია, რომლებიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებშია გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ პოლონური კანონმდებლობა ამას ამჟამად არ უშვებს.
მარტში, პოლონეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აღნიშნულ განჩინებაზე დაყრდნობით ხელისუფლებას მოსთხოვა, ეღიარებინა ორი პოლონელი მამაკაცის გერმანიაში გაფორმებული ქორწინება.
„დღეს დილით, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩვენ გავეცით ერთნაირსქესიანი წყვილის ქორწინების მოწმობის პირველი ჩანაწერი“, – განაცხადა ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ.
მერმა ასევე პირობა დადო, რომ მისი ქალაქი პროაქტიულად აღიარებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში რეგისტრირებულ პოლონურ ერთნაირსქესიან ქორწინებებს მაშინაც კი, თუ ამის შესახებ კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
