აშშ ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობაში სიტყვებიდან საქმეზე გადადის – პენტაგონმა მოულოდნელად – ზოგიერთი თავისი სარდლისთვისაც კი მოულოდნელად – გააუქმა პოლონეთში 4 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯავშანტექნიკის ბრიგადის დაგეგმილი განლაგება, – წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს“.
„ეს ახალი ჟესტი შეიძლება განიმარტოს, როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი ძველი ალიანსის დემონტაჟის გეგმაში. იგი ასევე ასახავს ვაშინგტონის მისწრაფებას, შეამციროს საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობა ატლანტის ოკეანის მიღმა, რაც წარმოადგენს ერთგვარ შურისძიებას ირანთან ომის საკითხში ზოგიერთი ტრადიციული პარტნიორის მიერ დაკავებული პოზიციის გამო“, – ნათქვამია სტატიაში.
აღსანიშნავია, რომ ორიოდე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია პენტაგონის განზრახვის შესახებ, გერმანიიდან 5 000 ჯარისკაცი გაეყვანა, რაც კანცლერის განცხადებების საპასუხო რეაქცია იყო.
მანამდე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებულ შტატებს „ამცირებდა“.
ტრამპმა, რომელიც მანამდე გერმანიიდან ჯარების კიდევ უფრო დიდი ნაწილის გაყვანით იმუქრებოდა, ნატოს სხვა პარტნიორებიც – ესპანეთი და იტალია – გააფრთხილა, რომ შესაძლოა მათაც იგივე ბედი ეწიოთ.
ამის მიზეზი მათ მიერ იმ ბაზების გამოყენებაზე უარის თქმაა, რომლებიც საჭირო იყო 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული იერიშისთვის.
პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება, რაც ოთხშაბათს, ევროპული სარდლობისა და აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის შტაბის ერთობლივ შეხვედრაზე გამოცხადდა, ასევე შეესაბამება ტრამპის ადმინისტრაციის იმ რიტორიკას, რომელიც მოუწოდებს ევროპელ მოკავშირეებს, თავად იტვირთონ საკუთარი თავდაცვა და შეწყვიტონ ვაშინგტონზე დამოკიდებულება.
„რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი უკვე წლებია იმუქრება ამერიკის შეერთებული შტატების ნატოდან გამოყვანით.
