ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინდექსაციის მექანიზმს უახლოეს პერიოდში დანერგავს მას შემდეგ, რაც მთავრობის შესაბამისი დადგენილება ამოქმედდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განმარტებით, ინდექსაციის სისტემა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე შემუშავდება და პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. რეფორმა ითვალისწინებს როგორც მუდმივ, ისე დროებით ინდექსაციის მექანიზმს, რომელიც განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებზე გავრცელდება.
„ხარჯები გაიზრდება ადეკვატურად, თუ საწვავის ფასიც მოიმატებს. მაგალითად, კონკრეტულ პროექტში საწვავის წილი თუ განსაზღვრულია, ინდექსაციის შედეგად ხარჯი ამ მიმართულებით გაიზრდება. თუმცა ინდექსაცია მხოლოდ ზრდას არ ეხება – ის ასევე მოიცავს ფასის კლების შემთხვევებსაც. თუ დღეს რომელიმე მასალის ფასი საგრძნობლად მოიმატებს და შემდგომში დაიკლებს, სახელმწიფო საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მან აღნიშნა, რომ ახალი პირობების მიხედვით, თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასკლებას განახორციელებს, ის აღარ მიიღებს ავანსს, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაიზრდება, გამორიცხული იქნება ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერებში მონაწილეობა.
მინისტრის თქმით, ეს ცვლილებები არის პასუხი იმ მოთხოვნებზე, რასაც სექტორი ბოლო 30-35 წლის განმავლობაში აყენებდა.
„რეალურად გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა კომპანიებისთვის შეიქმნას შესაბამისი პირობები, რომ მათ სწორად და ეფექტიანად იმუშაონ,“ – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებით მთავრობა მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული სექტორის გაჯანსაღებას, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას და პროექტების დროულად, ხარისხიანად შესრულებას.
„ცვლილებების მიზანია მსოფლიო ბაზარზე სამშენებლო მასალების ფასების მკვეთრი ცვლილებებით გამოწვეული რისკების შემცირება და პროექტების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. პარალელურად მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც, რათა თავიდან იქნას აცილებული დემპინგური ფასებით ტენდერებში მონაწილეობა და პროექტების შესრულების პროცესში შესაძლო შეფერხებები“,- განაცხადა მინისტრმა.
მან კომპანიებს მოუწოდა, აიღონ მხოლოდ იმ მოცულობის პასუხისმგებლობა, რომლის შესრულებაც რეალურად შეუძლიათ.
