ევროპული ბიუროკრატია იმდენად ჩაიძირა ორმაგ სტანდარტში, რომ მათ საერთოდ დაავიწყდათ ის ღირებულებები, რომლებზეც ევროპა თავის დროზე იდგა, – ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები.
მისი თქმით, ასეთი მიდგომები ევროპული სახელმწიფოების იმიჯს კიდევ უფრო აკნინებს.
„ფაქტია, ისინი მიიჩნევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ სხვა ქვეყნებს არაფრის უფლება არ გააჩნიათ. ასეთი მიდგომები კიდევ უფრო მეტად აკნინებს საბოლოო ჯამში ევროპული ქვეყნების იმიჯსა და როლს საერთაშორისო დონეზე. ამიტომ ჩვენი საზოგადოება ასეთი შემთხვევების დროს კიდევ უფრო მყარდება თავის პოზიციებში და კიდევ უფრო მარტივად გამოაქვს ობიექტური და სამართლიანი დასკვნა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
როგორც ცნობილია, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.
დანია ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს.
