გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია თითოეული ჩვენგანისთვის, წელს აღვნიშნავთ 1700 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები, სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, სამების ტაძარში საპატრიარქო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პირველად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე, რომლის ინიციატივითაც 17 მაისი დაწესდა.
„წელს პირველად აღვნიშნავთ ამ დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენს ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხეულებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს. ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამოირჩა უფლის ნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით. უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედაეკლესია, ღმერთმა დალოცოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წირვის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო პარაკლისს დაესწრნენ, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.


































