ლიეტუვაში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს – მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რომელი ქვეყნიდან მოხვდა ის ქვეყნის ტერიტორიაზე.
კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, 17 მაისს, 19:14 საათზე მიიღეს შეტყობინება, რომ უტენის რაიონის სოფელ სამანესთან, მინდორში, ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს. იმავე საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის დირექტორმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი დრონი, სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულებისაა.
წინასწარი ინფორმაციით, ეს დრონი შესაძლოა უკრაინული იყოს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხვდა ის ლიეტუვის ტერიტორიაზე.
„პირველადი ნიშნებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, რასაც ნამსხვრევებზე ვხედავთ და რა ინფორმაციაც კოლეგებმა გამოგვიგზავნეს, დიდი ალბათობით, ეს უკრაინული დრონია. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია – როგორ მოხვდა დრონი ლიეტუვაში, რა სიმაღლეზე მიფრინავდა და რა ხარვეზებია ჩვენი აღმოჩენის სისტემებში“, – თქვა ვიტკაუსკასმა.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინული დრონები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე დასარტყმელად მიფრინავდნენ, არაერთხელ შეიჭრნენ ლიეტუვის, ესტონეთისა და ფინეთის საჰაერო სივრცეში.
