ბელარუსში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის დანაყოფების წვრთნები დაიწყო.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, წვრთნების მიზანია „შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის მზადყოფნის შემოწმება დავალებების შესრულებისთვის და საბრძოლო გამოყენების ორგანიზება არაგეგმური რაიონებიდან“.
ძირითადი აქცენტი გაკეთდება ისეთი საკითხების დამუშავებაზე, როგორიცაა ფარული მოქმედებები, დიდ მანძილებზე გადაადგილება, ძალებისა და საშუალებების გამოყენებისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება. წვრთნები ტარდება რუსეთის მხარესთან ერთად, რომელთანაც „დაგეგმილია ბირთვული საბრძოლო მასალების მიწოდებისა და მათი გამოყენებისთვის მომზადების საკითხების დამუშავება“.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ წვრთნები გეგმური ხასიათისაა, „არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და არ ქმნის საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის“.
ცნობისთვის, ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა 2023 წლის მარტის ბოლოს განაცხადა. მაშინ მან აღნიშნა, რომ ბელარუსში უკვე განთავსებულია „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსი და aTi თვითმფრინავი, რომლებსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.
