ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას დოლარიზაციის შემცირებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, სესხების დოლარიზაცია 0.7%-ით შემცირდა და 42.5 პროცენტი შეადგინა.
„ასევე მცირდება დეპოზიტების დოლარიზაცია, რაც მეტწილად ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ასახავს. კერძოდ, 2026 წლის მარტის მდგომარეობით, 2024 წელთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 5.6 პროცენტული პუნქტით – 46.6 პროცენტამდე შემცირდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას განცხადებით, იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ცალკეული მოთხოვნები განაახლა.
სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ასევე საბანკო სექტორის მდგრადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმოქმედო სესხების წილი მინიმუმზეა, საკრედიტო პორტფელი კი – სექტორულად დივერსიფიცირებული.
