აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირეების კომპენსაციას მოხმარდება. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებების სამიზნეები გახდნენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ფონდი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტრამპმა უარი თქვა საგადასახადო სამსახურის (IRS) წინააღმდეგ შეტანილ 10 მილიარდდოლარიან სარჩელზე. საქმე ეხებოდა მისი საგადასახადო დეკლარაციების გაჟონვას.
იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, თავად დონალდ ტრამპი და მისი უფროსი ვაჟები მხოლოდ ოფიციალურ ბოდიშს მიიღებენ და არა ფინანსურ კომპენსაციას. თუმცა ფონდში განაცხადის შეტანა შეეძლებათ 2021 წლის 2021 წლის კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე და შემდეგ ტრამპის მიერ შეწყალებულ პირებს, ასევე სხვა ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფედერალური უწყებები მათ წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
ფონდის მოცულობა 1.776 მილიარდ დოლარს შეადგენს და მას ხუთკაციანი კომისია მართავს, რომლის ოთხ წევრს გენერალური პროკურორი ნიშნავს.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფონდის მიზანია „იმ ადამიანების პრეტენზიების განხილვა და ზიანის ანაზღაურება, ვინც სამართლებრივი სისტემის ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის მსხვერპლნი გახდნენ“.
გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო მექანიზმები არასდროს უნდა იქცეს რომელიმე ამერიკელის წინააღმდეგ იარაღად“ და უწყება ცდილობს „წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას“.
დემოკრატებმა ფონდის შექმნის იდეა მკაცრად გააკრიტიკეს და მას „გადასახადის გადამხდელთა ფულით შექმნილი შავი სალარო“ უწოდეს.
