აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს ომის დასასრულებლად და ახალ შეთანხმებაზე მისაღწევად ვადას მიმდინარე კვირის ბოლომდე აძლევს.
პრეზიდენტის თქმით, ის სულ რაღაც ერთი საათით იყო დაშორებული ირანის დაბომბვის განახლების გადაწყვეტილებასთან, თუმცა მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის გამო პროცესი დროებით შეაჩერა.
„მე არასოდეს ვეუბნები არავის, თუ როდის ვგეგმავ მოქმედებას. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. მე ვიტყოდი, რომ დღეს გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი საათი მაკლდა. ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს აქ, ამ მშვენიერ დარბაზში, სულ სხვა თემაზე კი არ ვისაუბრებდით, არამედ იმაზე [დარტყმებზე] ვილაპარაკებდით. მე უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება და სწორედ მაშინ დამირეკეს. მათ გაიგეს, რომ მე გადაწყვეტილება მივიღე, და მითხრეს: „სერ, ხომ არ შეგვიძლია კიდევ რამდენიმე დღე მოგვცეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი გონივრულად იქცევიან?“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა დააზუსტა დროის ის ჩარჩო, რომელსაც თეთრი სახლი თეირანს აძლევს საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი ირანის ბირთვულ ამბიციებს არ შეეგუება.
„ვგულისხმობ 2 ან 3 დღეს – შესაძლოა პარასკევს, შაბათს, კვირას ან რამე მსგავსს. შესაძლოა მომავალი კვირის დასაწყისს; ეს არის დროის შეზღუდული პერიოდი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ახალი ბირთვული იარაღი ჩაუვარდეთ ხელში“, – დასძინა ტრამპმა.
