ჩვენ ვნახეთ, რომ კვლავ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებებზე საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.
მისივე თქმით, მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„არანაირი კორელაცია და მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მარტო პატიმარი ჰყავდა და საქართველოს 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად.
ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო, რომ ცდილობენ თავისი თავის დამკვიდრებას, ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია, თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
