დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა კემი ბადენოკმა ქვეყნის მთავრობა რუსულ ნავთობპროდუქტებზე დაწესებული სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკა.
„კონსერვატიული“ პარტიის ლიდერმა თემთა პალატაში გამართული მოსმენის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„ახლა მან [სტარმერმა] ბინძური რუსული ნავთობის ყიდვა გადაწყვიტა. ეს ფული უკრაინელი ჯარისკაცების მკვლელობების დასაფინანსებლად გამოიყენება. როგორ არ გრცხვენიათ!“, – განაცხადა ბადენოკმა.
სხდომას ესწრებოდა თავად სტარმერიც, რომელმაც ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ ნიშნავს.
„საუბარი არაა მოქმედი სანქციების ნებისმიერი გზით გაუქმებაზე. ჩვენ მოკავშირეებთან სანქციების ახალ პაკეტებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა სტარმერმა.
