ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დრონებით შეტევა არ უნდა შეაჩეროს.
როგორც ცაჰკნამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ამავდროულად კიევმა დრონების მართვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა ისინი სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე არ შეფრინდნენ.
ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთში, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, რომ უკრაინული დრონები მათ ტერიტორიაზე იჭრებიან, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან მას ომის დასრულება „ხვალვე“ შეუძლია.
„საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი განზრახ „უშვებს“ ამ დრონებს ნატოს ტერიტორიაზე, პარალელურად ავრცელებს ყალბ ამბებს, თითქოს ნატო, ჩვენ – ბალტიის ქვეყნები და ფინეთი – უკრაინას ოფიციალურად უფლებას ვაძლევთ შეტევებისთვის ჩვენი ტერიტორია გამოიყენოს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ასეთი ნებართვა არასდროს მიგვიცია“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიაზე დრონები იჭრებიან, უკრაინაზე ზეწოლა უნდა განახორციელონ, რათა კიევმა თავდასხმები შეწყვიტოს.
„მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ყველასთვის გასაგები უნდა იყოს და ამის შესახებ გასულ კვირას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც განვაცხადეთ, რომ საქმე არა უკრაინაში, არამედ რუსეთშია“, – დასძინა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა.
ცაჰკნას განცხადებით, არავინ აყენებს ეჭვქვეშ უკრაინის უფლებას შეტევა განახორციელოს რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტებზე.
„გვსურს, რომ უკრაინა საზღვრებთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი იყოს: თუ თქვენ რუსულ სამხედრო მანქანას თავს ესხმით უსტ-ლუგში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა ადგილებში, ეს ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოსაა. პუტინი ღრმად შეშფოთებულია, იმიტომ რომ გაზისა და ნავთობის ექსპორტის 60% ამ პორტების მეშვეობით ხდება. შესაბამისად, უკრაინამ ეს უნდა გააგრძელოს“, – თქვა ცაჰკნამ.
