ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთის“ ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
კლინიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ნინო ვიბლიანთან და სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურ დირექტორ ნათია ფარცვანიასთან ერთად პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
სამედიცინო აქციაში ქვეყნის წამყვანი ექიმები ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, პედიატრი და ბავშვთა პულმონოლოგი ივანე ჩხაიძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, პედიატრი თემურ მიქელაძე, ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა, ნევროლოგი გვანცა არველაძე, პედიატრი ჯაბა ყიფიანი, ნევროლოგი ნინო დიხამინჯია, ორთოპედ- ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, უროლოგი პაატა გიორგაძე, ოტორინოლარინგოლოგი ვაჟა ქათამაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ოფთალმოლოგი ქეთი ოქრუაშვილი და ყბა-სახის ქირურგი ნათია ცერცვაძე მონაწილეობდნენ, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
დევნილი მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები, ქვეყნის წამყვან ექიმ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
