უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ დნიპროში დაფიქსირდა, სადაც თავდასხმას ცხრა მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთან, იერიშის შედეგად ქალაქში, სულ მცირე, 35 ადამიანი დაშავდა.
რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქს, კიევში იერიშებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავდა.
გარდა ამისა, კიევში ელექტროენერგიის მიწოდება 140 000 აბონენტს შეუწყდა. ამ დროისთვის 30 000 აბონენტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ცნობისთვის, ღამით რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული იერიში მიიტანა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 656 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 73 რაკეტა გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხი“ იყო.
