„იბიარდის“ ანგარიში მიუთითებს, რომ პეტერ ფიშერი ცდება, როცა საქართველოს თაობაზე საუბრობს ხოლმე. ფაქტობრივად, ჩამოწერილი ვყავართ და განვითარების მთავარ მაგალითად უკრაინასა და მოლდოვას გვისახავს, სადაც ეკონომიკურ სტაგნაციას და კორუფციულ გამოწვევებს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერსებიდან გამომდინარე.
„მოლდოვის ვიცე-პრემიერმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომ ისინი გეგმა „ა“-დ განიხილავენ რუმინეთთან მიერთებას და ევროკავშირში ისე გაწევრიანებას. უკრაინასთან მიმართებაში გერმანიის კანცლერის განცხადება ვნახეთ, რომ, სავარაუდოდ, მშვიდობის წინაპირობად ტერიტორიული დათმობები იქნება. ჩვენ ზოგიერთი უცხოელი ყვავივით დაგვჩხავის, ელოდებიან, რამენაირად მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, როგორსაც მთავრობა გეგმავს, რომ შემდეგ ნიშნის მოგებით გვესაუბრონ, ამის საპირისპიროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება, ვინც საქართველოს ყვავივით დაგვჩხავის და ელოდება ქვეყნის წარუმატებლობას, ეს იქნება ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. ციფრები ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი პოლიტიკა აქვს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. ეს ადასტურებს, რომ მთავრობა სწორს აკეთებს, როცა იმ ცრუ მრჩევლებს ყურს არ უგდებს. მათთვის რომ დაგვეჯრებინა, ეკონომიკურ სტაგნაციაში ვიქნებოდით. ჩვენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ავირჩიეთ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე, ბრიუსელს რა ინტერესები აქვს საქართველოში თუ რეგიონში. ამით ქართველი ხალხი იგებს. ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, წავაგებდით. ვიგებთ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
