Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტორებს პროექტის დაწყება მიულოცა და მასშტაბური ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელება უსურვა.
„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას – განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება 300 მილიონი დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს.
მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი „ნექსთი“ და მსოფლიო გიგანტი – შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel-ი“. დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობით ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება.
პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის“ მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა – როგორებიცაა პარტნიორობა The Trump Organization-სა თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მსგავსი მასშტაბის პროექტების როლს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ასეთი წამოწყებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია, რამდენადაც ახალ საინვესტიციო პროექტებს შემოაქვს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, შედეგად თვისებრივად უმჯობესდება რეგიონების ეკონომიკური ლანდშაფტი და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ გამოვირჩევით მაღალი ეკონომიკური ზრდით. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა შეადგენდა საშუალოდ 9.3%-ს და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. ასეთი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორთა შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ბიზნესსექტორს ასეთი პროექტების განხორციელებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დეველოპერული კომპანიები „არქი“ და „ნექსთი” მსოფლიოში ცნობილ სასტუმრო ბრენდ Swissôtel-თან თანამშრომლობით ქობულეთში პრემიუმკლასის სასტუმრო და საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებენ. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი სამ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურას. კომპლექსის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონი აშშ დოლარია.
პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ინვესტორებთან ერთად, მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია, „ნექსთის“ დამფუძნებელი კახა დევაძე და Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, არონ ლიბინსონი.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.
























