მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
იგი ასე აფასებს ოპოზიციაში ბოიკოტის თემაზე დაპირისპირებას, რომელიც შეერთებული შტატების დელეგაციის განცხადების შემდეგ გამწვავდა.
„ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა ბანკზე. ეს მოხდა გარეკურატორების კარნახის გათვალისწინებით. თუმცა, დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, ნამდვილად დაგვიანებულია იმიტომ, რომ რეალურად ბოიკოტი გამოუცხადეს უპირველესად, საკუთარ ამომრჩეველს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ბოიკოტზე „ლელომ“ უკან დაიხია და ახლა აღიარებენ, რომ ოპოზიცია ამ ნაბიჯით დაზარალდა. ნიკა გვარამია კი ისევ ირწმუნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს განცხადებაში ბოიკოტზე არაფერი უთქვამთ.
ცნობისთვის, 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ უჭერს მხარს ქართული ოპოზიციის სრულ ჩართულობას დემოკრატიულ ინსტიტუტებში და არ ემხრობა ბოიკოტს ან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.
