აღნიშნული ინფორმაცია ფრანგულმა მედიამ გაავრცელა და ალბათ საფრანგეთის ოფიციალური წრეები, მათ შორის სპეცსამსახურები რაღაც ტიპის განცხადებებით უპასუხებენ, დაადასტურებენ ან უარყოფენ. ეს მათი საქმეა, ჩვენ არც დავადასტურებთ და არც უარვყოფთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა ფრანგული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია.
შარმანაშვილის თქმით, რაც შეეხება ზოგადად საქართველოში ჯაშუშობის საკითხს, სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს და ყველა ინფორმაცია აქვს.
„მამუკა მდინარაძემ რამდენიმე ხნის წინ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ, ყველა ინფორმაცია გვაქვს. ვინც ამ საქმიანობას ეწევით, გთხოვთ, შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ. ისიც თქვა, რომ ზოგმა ეს გაიგო და შეწყვიტა. ვინც ვერ გაიგო, წარმოდგენაც არ აქვთ, რა ინფორმაციას ვფლობთ და შემდეგ მიხვდებიან, როდესაც ამ ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ. შემიძლია, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმ უცხოური სპეცსამსახურის აგენტურას და იმ ადამიანებს, ვინც აგენტურას მართავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამ იცის. შეწყვიტონ ან მოვლენები სხვაგვარად განვითარდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საფრანგეთის ოფიციალური წრეები დაადასტურებენ ან უარყოფენ ამას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
