ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2023 წლის შემდეგ მგზავრთნაკადი დაახლოებით 200%-ით გაიზარდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შემოღება იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, აღმდგარიყო საჰაერო მიმოსვლა. როგორც მოგეხსენებათ კოვიდის პერიოდში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. იმდენად მზარდია მგზავრთნაკადი, რომ დღეს უკვე 3 ჩინური ავიაკომპანიაა საქართველოს ბაზარზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი რეგულარულად იკავებს ტოპ 10-ში პოზიციებს საქართველოში შემოსული ვიზიტორების მხრივ. ჩინეთი არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა მზარდია. 2023 წლის შემდეგ დაახლოებით 200%-იანი მატება გვაქვს მგზავრთნაკადის კუთხით, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დაინტერესებულია ჩინური ბაზარი საქართველოთი. ჩინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს ცნობადობა ამაღლდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.
