უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასახავს პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, ავტობუსში მყოფი უკრაინელების მისამართით შეურაცხყოფას.
ანდრეი სიბიგამ ინციდენტი დაგმო და განაცხადა, რომ პირი, რომელმაც უკრაინელებს შეურაცხყოფა მიაყენა, უკვე დაკავებულია.
ვიდეო, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, უკრაინელი მოზარდის მიერ არის გადაღებული.
ვიდეოს მიხედვით, პოლონელი მამაკაცი ეროვნების გამო გოგონას შეურაცხყოფას აყენებს. ასევე, გოგონას და ზრდასრულ ქალს, რომელიც დიალოგში ჩაერია, უკრაინაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
„პოლონურ ავტობუსში მყოფი „გმირი“ სიტყვიერად „ებრძოდა“ ბავშვებსა და ქალებს. ამისთვის დიდი ჭკუა და სიმამაცე არ არის საჭირო“, – წერს ანდრეი სიბიგა.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი, უკრაინულმა მხარემ პოლონელ სამართალდამცველებს თხოვნით მიმართა, რეაგირება მოეხდინათ „მამაკაცის არაადეკვატურ ქცევასა და ეროვნული ნიშნით უკრაინელების ღირსების შელახვაზე“.
„ახლა ეს პირი უკვე დაკავებულია. მადლობას ვუხდით პოლონელ სამართალდამცველებს სწრაფი და სწორი რეაქციისთვის. მსგავსი აგრესია და სიძულვილი არ უნდა იყოს დაშვებული ევროპულ დემოკრატიულ საზოგადოებასა და სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცალკეულ პოლონელ პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ უკრაინისა და უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივება, რაც ნეგატიურად აისახება პოლონურ საზოგადოებაში არსებულ უკრაინის საწინააღმდეგო განწყობებზე“, – წერს სიბიგა.
ინციდენტს ასევე გამოეხმაურა უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ოლენა კონდრატიუკი და აღნიშნა, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინელების მისამართით სიძულვილის ტალღა უნდა შეჩერდეს.
ამასთან, ოლენა კონდრატიუკის თქმით, მადლობას უხდის პოლონელ სამართალდამცველებს ავტობუსში მომხდარ ინციდენტზე დროული რეაგირებისთვის. მისი განმარტებით, ინციდენტი ქალაქ ბელსკო-ბიალაში მოხდა.
„დაე, ეს იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც სიძულვილს ავრცელებს: თქვენ დაუსჯელი არ დარჩებით. პოლონეთში უკრაინელების მიმართ არსებული სიძულვილის ტალღა, რომელსაც აქტიურად კვებავენ პრორუსი პოლიტიკური რადიკალები და რუსული ბოტების ქსელები, უნდა შეჩერდეს. თითოეულ მსგავს სამარცხვინო შემთხვევას უნდა მოჰყვეს რეაქცია და გარდაუვალი სასჯელი. პოლონეთში ეროვნებათაშორისი მტრობის ვირუსის გავრცელება მხოლოდ კრემლისთვის არის ხელსაყრელი“, – წერს კონდრატიუკი სოციალურ ქსელში.
