მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად, განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერების საკითხები.
„მომავალ ზამთარს რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოსისტემას. ამიტომ ჩვენ ვემზადებით. უკრაინას ესაჭიროება გენერატორები, სათადარიგო ნაწილები და დაფინანსება სარემონტო სამუშაოებისთვის. საჰაერო თავდაცვა ასევე რჩება პრიორიტეტად და მე მოვუწოდე იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ მარაგები, გადასცენ ისინი უკრაინას“, – აღნიშნა კალასმა.
